logo
ENG



ირანის ყოფილი პრეზიდენტის შვილი "სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის" 5 წლით დააპატიმრეს

10 იან 202322:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/10/jiouemq1ljsii0x.jpg

ირანის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის აქტივისტ შვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაცია მისმა ადვოკატმა დაადასტურა და თქვა, რომ განაჩენი არ არის საბოლოო.

სააგენტო ISNA წერს, რომ თეირანის პროკურორმა ჰაშიმის ბრალი გასულ წელს "სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის" ბრალდებით წაუყენა. ISNA-ს ცნობით, ის სექტემბერში, საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და ევინის ციხეში გადაიყვანეს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჰაშიმი რამდენჯერმე დააკავეს ანტისამთავრობო განცხადებების გაკეთებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.

ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა - ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და სცემა, რის შედეგადაც ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უწყება ამტკიცებდა, რომ მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა ეს უარყო ოჯახმა და აღნიშნა, რომ ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული იყო თვითმხილველების განცხადებებიც, როგორც ისინი ჰყვებოდნენ, მაჰსა ამინი პოლიციამ დაკავების შემდეგ ფურგონში სცემა.

მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანის ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა - სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, დემონსტრანტები წვავდნენ ჰიჯაბებს, მათი მთავარი სლოგანი გახდა "ქალი, ცხოვრება, თავისუფლება". უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, სექტემბრის შემდეგ ანტისამთავრობო აქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თუმცა განსხვავებულ რაოდენობას ამბობენ უფლებადამცველი ორგანიზაციები - მათი განცხადებით, დემონსტრაციების დროს დაღუპულთა რიცხვი 400-ს აღწევს. ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ აქციების დროს, სულ მცირე, 300 მონაწილე დაიღუპა. ამასთან, როგორც გასულ კვირას გაეროს უფლებათა დაცვის უფროსმა ვოლკერ ტურკმა განაცხადა, ჯამში დააკავეს 14 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ამინის მკვლელობის შემდეგ ირანის მორალის პოლიციას აშშ-მა სანქციები დაუწესა - სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ქალის დაკავებასა და დაღუპვაზე სწორედ ეს უწყება იყო პასუხისმგებელი. მოგვიანებით აშშ-მა მაჰსა ამინის მკვლელობისა და ირანში მასობრივი დემონსტრაციების დაშლისთვის ირანის ხელისუფლების 12 წარმომადგენელსა და 2 კომპანიას დამატებითი სანქციები დაუწესა.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება საგამოძიებო მისია, რომელიც ირანში სექტემბრის შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების ჩახშობის საქმეებს გამოიძიებს.

პროტესტის 3 თვე ირანში - მიზეზები, მიზნები და Gen Z, როგორც პროტესტის მთავარი ძალა


close დახურვა